მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში აუცრელი პირებისთვის ჯარიმები წესდება

სომხეთში ახალი რეგულაციები

იმ პირებისთვის, ვისაც სომხეთში ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ყოველ 14 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება მოუწევთ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური სამმართველოს უფროსმა ანა არუთუნიანმა განაცხადა, რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 10-დან 20 ათას დრამამდე (64-128 ლარი), ხოლო ფიზიკური პირი 40-120 ათასი დრამით, (256-768 ლარით) დაჯარიმდება.

შრომის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი არუთუნიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შრომით კოდექსში არ არის პუნქტი, რომლის მიხედვით უფროსს სამსახურიდან თანამშრომლის გათავისუფლება შეუძლია, მაგრამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ვაქცინირებული არ არის ან მას ტესტი არა აქვს ჩატარებული, დამსაქმებელს ასეთი პირის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება ექნება.

1-ლი ოქტომბრიდან სომხეთში მთელი რიგი სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლებს, მაღაზიებში, მშენებლობაზე, საზოგადოებრივი კვების, სილამაზის სალონებში და სხვა ობიექტებზე დასაქმებულ პირებს ყოველ 14 დღეში PCR ტესტის უარყოფით პასუხს ან ვაქცინაციის ცნობას მოსთხოვენ. ეს წესი არ შეეხება ორსულებს და იმ პირებს, ვისთვისაც ვაქცინაცია ჯანმრთელობის პრობლემების გამო აკრძალულია.

სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 129 000 ადამიანია ვაქცინირებული. ქვეყანაში - CoronaVac, Sinofarm, AstraZeneka და Sputnik V-ს ვაქცინები გამოიყენება. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსისგან 5200 ადამიანი გარდაიცვალა.