მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სცემდნენ ყველას, ვისაც ბურკა არ ეცვა“ - ახალგაზრდა ქაბულელი ქალი თალიბანის შესვლაზე

ქალები ავღანეთიდან

ქაბულელი ახალგაზრდა ქალი ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის შემოსვლისა და დაჯგუფების მიერ ქალების სასტიკი მოპყრობის შესახებ უყვება.

ახალგაზრდა ჰყვება, რომ ქაბულში, მას შემდეგ რაც თალიბანი შევიდა, სცემდნენ აბსოლუტურად ყველა ქალს, ვისაც ბურკა არ ეცვა.

„კვირას დილით უნივერსიტეტში მივდიოდი ლექციაზე, როდესაც ქალთა ჯგუფი საერთო საცხოვრებლიდან გაიქცა. ვკითხე, რა მოხდა და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ პოლიცია ქალების ევაკუაციას ახდენდა, რადგან თალიბანი სცემდა და სასტიკად უსწორდებოდა ქალებს ბურკების გარეშე.

ყველას გვინდოდა სახლამდე მისვლა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვისარგებლეთ. მძღოლები არ გვიშვებდნენ თავიანთ მანქანებში, რადგან მათ არ სურდათ პასუხისმგებლობის აღება ქალის გადაყვანაზე. ქალები შეშინებულები და დაბნეულები იყვნენ.

ირგვლივ მყოფი მამაკაცები დასცინოდნენ გოგონებსა და ქალებს, ისინი იცინოდნენ ჩვენს ტერორზე. „წადით და ბურკა ჩაიცვით“ - ასე შემოძახილებით დადიოდნენ წინ და უკან. სამთავრობო ოფისების დახურვის შემდეგ, ჩემმა დამ მრავალი კილომეტრი ირბინა სახლში მოსასვლელად.

„ცრემლიანი თვალებით დავტოვე მაგიდა და დავემშვიდობე ჩემს კოლეგებს. ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი სამსახურის ბოლო დღე,” - ჰყვებოდა ჩემი და“, - ამბობს ქაბულში მცხოვრები ქალი.

ქაბულელი ქალი გამოცემასთან ამბობს, რომ ავღანეთის ორი საუკეთესო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა თალიბანის მოსვლით ყველაფერმა აზრი დაკარგა.

„ამდენი დღე და ღამე ვმუშაობდი იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ და დღეს დილით, როდესაც სახლში მივედი, პირველი რაც მე და ჩემმა დებმა გავაკეთეთ, დავმალეთ პირადობები, დიპლომები და სერტიფიკატები. ამ ყველაფერმა დაგვანგრია. რატომ უნდა დავმალოთ ის, რითაც უნდა ვიამაყოთ? ავღანეთში ახლა არ გვეძლევა უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ.

როგორც ქალი, ვგრძნობ, ვარ მსხვერპლი ამ პოლიტიკური ომის, რომელიც მამაკაცებმა დაიწყეს. ვიგრძენი, რომ აღარ შემიძლია ხმამაღლა სიცილი, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი სიმღერების მოსმენა, ვეღარ შევხვდები ჩემს მეგობრებს ჩვენს საყვარელ კაფეში, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი ყვითელი კაბის ან ვარდისფერი პომადის ტარება. მე აღარ შემიძლია სამსახურში წასვლა ან უნივერსიტეტის დამთავრება, რომლის მისაღწევად წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

მიყვარდა ჩემი ფრჩხილების კეთება. დღეს, როდესაც სახლისკენ მივდიოდი, შევხედე სილამაზის სალონს, რომელიც გოგონების ულამაზესი სურათებით იყო მორთული, ღამით გადაუღებავთ“, - ჰყვება ახალგაზრდა ქალი.

ქაბულელი ახალგაზრდა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით იმ მამაკაცების მახინჯი სახეებია დამთრგუნველი, რომლებსაც სძულთ ქალები, არ მოსწონთ ქალების განათლება, მუშაობა და თავისუფლება.

„ავღანელი ქალები ბევრს სწირავდნენ იმ მცირე თავისუფლებისათვის, რაც ჰქონდათ. როგორც ობოლი, ვქსოვდი ხალიჩებს მხოლოდ განათლების მისაღებად. ბევრი ფინანსური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ მომავლის ბევრი გეგმა მქონდა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა“, - ამბობს ავღანელი ქალი.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო.

ამავე თემაზე:

✔️ თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

✔️ ავღანეთში ომი დასრულდა - „თალიბანი"

✔️ ქაბულიდან ყველა კომერციული ფრენა გაუქმდა