მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბები ავღანეთის სამი პროვინციის დედაქალაქის აღებას ცდილობენ

თალიბების შეტევა ავღანეთში

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკები“ ქვეყნის სამი პროვინციის დედაქალაქის აღებას ცდილობენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

კერძოდ თალიბებმა ქალაქ გაზნის ალყა შემოარტყეს და დასახლებული პუნქტის რამდენიმე შემოგარენი დაიკავეს. ეს ქალაქი ქაბულიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

გაზნი გზაზე მდებარეობს, რომელიც ქაბულს და ყანდაარს ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე ბრძოლა ქალაქ ყანდაარის მახლობლადაც მიმდინარეობს. მასაც თალიბები უტევენ.

კვირას სამთავრობო ძალებმა ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ტალუკანზე თალიბების შეტევა მოიგერიეს. ოპერაციაში სამთავრობო ძალების ავიაციაც მონაწილეობდა.

რამდენიმე დღის წინ თალიბანმა თურქმენეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქი კალაი ნაუც დაიკავა, თუმცა მოგვიანებით სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 50-70%-ს აკონტროლებს. თავად „თალიბანი" აცხადებს, რომ აკონტროლებს ავღანეთის 85%-ს.

დაჯგუფება „თალიბანმა“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა და ნატომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ექსპერტები შიშობენ, რომ რადიკალური მოძრაობა ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდება.