მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

(ვიდეო) თურქეთში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი თურქეთში

თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე ხანძარს 6 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. ათობით სოფლიდან და რამდენიმე სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, საერთო ჯამში 70 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, საიდანაც 14-ის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთს რუსული და უკრაინული თვითმფრინავები ეხმარებიან. ასევე, სამაშველო ოპერაციაში აზერბაიჯანის საჰაერო ფლოტიც ჩაერთო. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხანძარი 6 პროვინციაში დაფიქსირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენაში დამნაშავე პირებს დასჯის. ხანძრის ძირითადი კერა ანტალიის რეგიონში და ეგეოსის ზღვის კურორტ მუღლას მიდამოებში დაფიქსირდა.

ერდოღანის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ხუთი თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი და დრონი, ასევე, 1080 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით ტყის მასივებში მოსახლეობას აგვისტოს ბოლომდე შესვლა აუკრძალა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყეს და ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიასაც განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

ტყის ხანძარი საბერძნეთშიც დაფიქსირდა. იქ რამდენიმე სახლი განადგურდა.