მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ხანძრის გამო, კურორტებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

ხანძარი

ძლიერი ხანძრის გამო, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

REUtERS-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძარმა საფრთხე სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს შეუქმნა.

ოფიციალური ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა 10 სხვადასხვა ადგილას შეძლეს.

სტიქიის ზონა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. ის ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, თურქეთის ხელისუფლება ზარალის ასანაზღაურებლად ყველაფერს გააკეთებს. ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები დაეხმარებიან.

თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ოთხშაბათიდან ებრძვიან. სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი.

ათი წლის ბავშვებმა პოლიციასთან უკვე აღიარეს, რომ ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდნენ, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძრის სხვა კერების გაჩენასთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს.

თურქეთის ხელისუფლებამ გადაუდებელი საჭიროებისთვის 6 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული დახმარება გაეწევა მათ, ვინც სტიქიის დროს სახლები დაკარგა.