მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ზელენსკის თანაშემწის მანქანა დაცხრილეს (ვიდეო)

თავდასხმა ზელენსკის თანაშემწეზე

კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველ თანაშემწეზე სერგეი შეფირზე თავდასხმა მოხდა. ბოროტმოქმედებმა მისი მანქანა დაცხრილეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

თავდასხმა კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებაში მოხდა. შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს ზელენსკის თანაშემწის მძღოლი მძიმედ დაიჭრა და ის რეანიმაციაში იმყოფება. მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

თავდამსხმელებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. შეფირის კოლეგები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებს მიზანი შეეშალათ და ისინი ფიქრობდნენ, რომ საჭესთან სწორედ შეფირი იჯდა. სერგეი შეფირი ხშირად მანქანას თავად ატარებს.

ავტომობილს 17 ტყვია მოხვდა. ვლადიმერ ზელენსკის თანაშემწე სრულიად შემთხვევით არ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს. მათ დასაკავებლად პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკვე განაცხადეს, რომ თავდასხმის უკან ოლიგარქიული კრიმინალური სტრუქტურები დგანან, რომელთათვის ზელენსკის მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმები მიუღებელია.