მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი ბაიდენს შეხვედრას სთხოვს

ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი პუტინი-ბაიდენის მოლაპარაკებამდე აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრას სთხოვს. ამის შესახებ dw.com იუწყება.

ზელენსკი აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომლის მშენებლობის ბლოკირებისგან აშშ ბოლო დროს თავს იკავებს, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ზელენსკის სურს, რომ 16 ივნისისთვის დაგეგმილი ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდეს „ნებისმიერ დროს და პლანეტის ნებისმიერ წერტილში“.

„ეს გაზსადენი რუსეთის ფედერაციის ხელში ნამდვილი იარაღია და გაუგებარია, რატომ აწვდის ამ იარაღს ტყვია-წამალს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა შეერთებული შტატები“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჟენევაში ჯოზეფ ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე სწორედ „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობის შესახებ იქნება საუბარი, რაც ბაიდენის და პუტინის სატელეფონო ზარების დროსაც მოხდა“.

4 ივნისს პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილეოთ ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობა დასრულებულია, მან ასევე აღნიშნა, რომ კიევმა კეთილი ნება უნდა გამოხატოს, რათა მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს.

პუტინის ამ განცხადებას გერმანიაში კრიტიკა მოჰყვა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ბერლინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაზის ტრანზიტის მქონე ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შემდეგაც.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის მიხედვით რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობა იგეგმება. მისი გამტარიანობა წელიწადში 55 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. კომპანია Nord Stream 2 AG-ის დამფუძნებელია რუსული „გაზპრომი“, ხოლო პროექტს კომპანიები Engie, Shell, ასევე Uniper და Wintershall აფინანსებენ.

დასავლეთის პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის აშენება რუსეთს უკრაინაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის დამატებით ბერკეტებს მისცემს, ვინაიდან აქამდე გაზის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება რუსეთიდან ევროპაში სწორედ უკრაინის გავლით ხორციელდება.