მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წლის 27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

2021 წლის 27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.

უწყების ცნობით, დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

მათი თქმით, დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება.

მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით.

დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.

ცნობისთვის, ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

მათ საშუალება ექნებათ ონალინ რეჟიმში შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შემდეგ ფეისბუკ გვერდებზე.