მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 თებერვალს 15:00 საათზე ახალი საპროტესტო მსვლელობა დაიგეგმა

აქცია

„ახლა, ჩვენ, თითოეული პატრიოტი, თვითონ ნიკა მელია მოგიწოდებთ, 26 თებერვალს 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება თავისუფლებისთვის,“ - ამის შესახებ კანცელარიასთან მოწყობილ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად ნიკას წინააღმდეგ აღძრული საქმისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვესმოდა კონსტრუქციული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიცია გამოვიდა წინადადებით, მათ შორის ეს იყო ნიკას ინიციატივა, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო შეთანხმება და მოლაპარაკებები. საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ გადავდეთ 15 თებერვლის აქცია. დღეს მოხდა ის, რაც მოხდა ბოლშევიკების მიერ, მოხდა დარბევა ჩვენი ოფისის, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ შეშინდნენ.

„სიმბოლური წელია და სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში. საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, არ შევშინდეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე იხილეთ:

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)