მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წელს დამძიმდაო - ამირან სალუქვაძე მედია მანიფესტზე

ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს სასაცილოს უწოდებს:

„რა სასაცილოა... ამათ ხელი მოაწერეს მედია გარემო 20-21 წელს დამძიმდაო. 10 წლის წინ იყო მსუბუქი, დაწერილის წაკითხვის უფლება ჰქონდათ“, - აღნიშნავს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 27 თებერვალს დაიწყო ხელმოწერები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტზე, რომელიც მიზნად ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში კრიტიკული მედიისადმი აგრესიული დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ მათი მონათვლა პოლიტიკურ ოპონენტებად ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმებს ახალისებს.

გთავაზობთ მანიფესტის სრულ ტექსტს:

„2020-2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.

ჩვენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს უზრუნველჰყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი;შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედია-გარემოს“, - აღნიშნულია მანიფესტში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის.