მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას: ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდით სიმართლეს, თუ ახლა, როცა ნამოხვანს ეწინააღმდეგებით?

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ჰესებთან დაკავშირებით მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ. ·

„ბევრი ადამიანი მთხოვს ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ნამოხვანჰესის მშნებლობასთან დაკავშირებით. დღესაც სამი შეკითხვა მივიღე. ჯერ ერთი, არც სამჭკუაშვილი ვარ, არც „ყველაფერშიკი“. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ბევრ თემაზეც მაქვს და ჰესებზეც დავაფიქსირებ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სათანადოდ ჩავწვდები საკითხს, ჩემი განათლების დონის ფარგლებში. ცნობისთვის, ტექნიკური განათლება მაქვს, ოღონდ არ ვარ ენერგეტიკოსი, არც სეისმოლოგი და ა.შ. მეორე, ღმერთიც ვერ შთამაგონებს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე გამოვთქვა ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგო აზრი. ჰესებთან დაკავშირებით რომ მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ, ღრმად ვარ დარწმუნებული. მოსახლეობა კი ხოცავს ერთმანეთს მუქარების და ლანძღვა-გინების დონეზე.

სოცქსელში ბილწსიტყვაობით ალბათ მსოფლიოში ლიდერი პოზიცია გვიკავია. აზრის გამოხტვას შეგაძულებენ. ამ პოსტის მიზანი მარტივია. რატომ ხდება, როცა ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნესკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? მას ხომ ეს საკითხი ჩემზე და ბევრზე უკეთ ჰქონდა შესწავლილი მთავრობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, სპეციალისტებთან ერთად?! ხომ შეიძლება რომ ასეთ საკითხებში ვიწროპოლიტიკური ინტერესები გადავდოთ და თუ ექს-ჩინოვნიკი, მ.შ. პრეზიდენტი, თვლიდა, რომ დიდი ჰესები გვჭირდებოდა, მათ შორის ნამოხვანიც, გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს პროექტი ქვეყანას სჭირდება?! სხვა ვიდეოებიც მოიპოვება ინტერნეტში, რომლებშიც კონკრეტულად ნამოხვანზე საუბრობენ პრეზიდენტი, პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. ამიტომ მაღიზიანებს ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, არასახელმწიფოებრივი მიდგომები, როცა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ. უამრავი პირადი მიზეზი მაქვს, რომ გარკვეული პირების, პარტიების მიმართ ვიყო სუბიექტური, მათ შორის იმ მიზეზით, რომელიც საჯაროდ არასდროს გამიხმოვანებია. თუმცა, ვცდილობ პირადი გვერდზე გადავდო. თქვენც გადადეთ პირადი, პარტიული გვერდზე და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს, მტკივნეულ თემებზე, გამოდით და დააფიქსირეთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. მე სამინისტროები არ მექვემდებარება, რომ ექსპერტთა კონსილიუმი მოვაწყო ამ საკითხზე და პოზიციები შევაჯერო. ამიტომ გვითხარით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდით სიმართლეს, თუ ახლა, როცა ნამოხვანს ეწინააღმდეგებით? P.S. ჩემს აზრს მოგვიანებით დავაფიქსირებ“ - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე ვიდეორგოლებს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა შეუერთდა. პროტესტის მონაწილეები არიან, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა რიონის ხეობაში შეჩერდეს ჰესის მშენებლობის სამუშაოები და ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საჯარო განხილვა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი გაგრძელდება და დაწესდება მორიგეობა რიონის ხეობაში.