მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამის იქით თავხედობის ფორმა არ არსებობს“ - მდინარაძე კაპანაძეს მიმართავს

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა და უმრავლესობის დეპუტატებმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიღების საკითხზე იკამათეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად თავი მოიჭრა, როდესაც ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„გვახსოვს, როგორი გულანთებულები ითხოვდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ისიც ნახა საზოგადოებამ, როგორ დაუჭირეთ მხარი - საერთოდ არ მოხვედით. რომან გოცირიძე დადიოდა და ელოდებოდა, იქნებ რამე მოხდესო, რომ რაღაც ყიჟინა დაეცა, ალბათ, რაიმე გეგმა ჰქონდა, იქნებ არ გასულიყო. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად კიდევ ერთხელ მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ არცერთ ცვლილებას, ის, რაც პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე იყო მიღწეული“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე „ევროპულ საქართველოს“.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ კი, ოხანაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელს არა საკუთარი სურვილით დაუჭირა მხარი, არამედ ამის გაკეთება მათ მოუწიათ.

„ისე წარმოაჩინეთ თქვენ, ვითომ ყველა იყავით პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეები. თქვენ ჩააგდეთ პროპორციული საარჩევნო სისტემა და მერე მოგიწიათ 120/30-ზე მიღება. ისე ნუ წარმოაჩენთ ახლა, რომ ეს თქვენი წარმატებაა. როდესაც საზოგადოება რაღაცას გაიძულებთ ხოლმე, მერე ამას წარმატებად წარმოაჩენთ. 120/30-ზე არის საზოგადოების მიღწეული წარმატება. თქვენ ყველას გაიძულათ, რომ ღილაკზე ხელი დაგეჭირათ. პირველ მოსმენაზე მხარი დავუჭირეთ, სწორედ იმიტომ, რომ ხელი არ წაგცდომოდათ და მართლა არ ჩაგეგდოთ. მეორე და მესამეზე რომ ჩაგეგდოთ, ისევ შემობრუნება შეიძლებოდა, და მერე მივიღებდით გადაწყვეტილებას, რას ვიზამდით. პირველი მოსმენით გასვლა, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერით, იყო უზრუნველყოფილი, მეორე და მესმე მოსმენაზე თუ გაბედავდით ჩაგდებას, მერე შემობრუნებისას ჩვენი დეპუტატები იქ იქნებოდნენ, რომ ეგ არ ყოფილიყო. ეს ახლა ჩავლილი ამბავია“,- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ სერგი კაპანაძის ამ განცხადებას პიარული თავხედობა უწოდა.

„პიარის რა შესაძლებლობებს ხედავთ თქვენს თავში. საზოგადოების წინაშე ამტკიცებთ, რომ ვინც მხარი დაუჭირა, ის მხარს არ უჭერდა, თქვენ მხარი არ დაგიჭერიათ და ამბობთ, რომ მხარს უჭერდით. ეს არის პიარული თავხედობა, რაზეც ხშირად მიგანიშნებთ, ამის იქით არ არსებობს თავხედობის რაიმე ფორმა“,- მიმართა მამუკა მდინარაძემ სერგი კაპანაძეს.

შეგახსენებთ, 2019 წელს სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. ამის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები 120/30 -ზე მოდელით ჩატარებულიყო. მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღიათ.