მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა დოლიძე: გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით სრულიად მიუღებლად მიმაჩნია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

„მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, სადაც ბოკერია ჰუბერტ ქნირშს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს .

„გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით მიმაჩნია სრულიად მიუღებლად. მორიგი დადასტურება, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ის აზრია მისაღები და „ევროპული", რომელიც საკუთარს ემთხვევა. ყველა სხვა, ვისაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ალეკო ელისაშვილიდან დაწყებული გერმანიის ელჩით დამთავრებული, ჯგუფურ ბულინგში მოყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა და რომელსაც მერე თვითონვე გაემიჯნა!“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

გიგა ბოკერია გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ჰუბერტ ქნირშს თანაუგრძნობს:

„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.