მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო მოქალაქეებს მაქსიმალურად მოემსახურება

ქართული ოცნების წევრი, 2020

"ჩვენი მოქალაქეებსი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი. კრიზისულმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდისთვის - "ქართული ოცნებისთვის" ნომერ პირველი საზრუნავი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა "PosTV"-ის ეთერში განაცხადა

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

"ჩვენთვის ასევე უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის შემდგომი შეუფერხებელი განვითარება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ყოველ კონკრეტულ საკითხს აფასებს იმით, თუ რა საფრთხე ან რისკი შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ თუკი ასეთი საფრთხე იქნება, მე მხარს დავუჭერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მაგრამ ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოგეხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ეს პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა. ეკონომიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფოები არიან ამ გამოწვევების წინაშე" , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

"ქართული ოცნება" არის ის გუნდი, რომელიც იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ და დავუდგეთ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს ყველა საკითხის იდენტიფიცირება და მოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოთ.

"სწორედ ასეთი კოორდინირებული და 24/7-ზე მუშაობა გვაძლევს იმ შედეგს, რა შედეგიც დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ მედიკოსს, პოლიციას, ჯარისკაცს, ვინც გვერდით უდგას სახელმწიფოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​