მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტონ ობოლაშვილი: მეგი ბაქრაძის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

დეპუტატმა  ანტონ ობოლაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მწუხარება გამოხატა  ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ტრაგედიის გამა და პარლამენტის სახელით ოჯახს კიდევ ერთხელ  მიუსამძიმრა.

„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე 28 წლის გოგონა, რომელსაც დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ. ის იყო აქტიური ამ უხილავ მტერთან, კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება.

ოჯახის მოთხოვნაა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.

ასევე მინდა მოგმართოთ თხოვნით, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იქნეს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი, რა თქმა უნდა ჩვენ ამით ვერ შევძლებთ მეგი ბაქრაძეს დავუბრუნოთ სიცოცხლე, მაგრამ მისი ოჯახის და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა, სავარაუდოდ, რის შემდეგაც, მას კომატოზური მდგომარეობა განუვითარდა.

იგი, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

ექთანს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს.

მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო აწარმოებს მოკვლევას.

ოჯახი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, დასადგენია უნდა ჩატარებულიყო თუ არა ვაქცინაცია და რამდენად სწორი და დროული იყო სამედიცინო დახმარება, რომელიც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ექთანს გაუწიეს.

23 მარტს მეგი ბაქრაძე მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს.