მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არის პარტიები, რომლებსაც შეთანხმება უნდა და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არის პარტიების ერთი ნაწილი, რომელსაც მმართველ გუნდთან შეთანხმება უნდა, ხოლო მეორე ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურს.

როგორც ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნების“ წინადადება მასთან ბადრი ჯაფარიძის გავლით მოდიოდა.

ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, მისთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ შეთანხმება პოლიტიკურად არ აწყობდათ.

მისივე თქმით, შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, მაგრამ შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“.

„ჩვენი სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის არის ცნობილი მაგ პერიოდში თუ რამე კონტაქტი არსებობდა, არსებობდა „ოცნებასა“ და ჯაფარიძეს შორის.

„ოცნების“ წარმომადგენლებს როდესაც მერე მეც ველაპარაკე, მითხრეს, რომ ჩვენთან ჰქონდათ რაღაც ტიპის მოლაპარაკება, მაგრამ არა ჩემთან, არა მეგრელიშვილთან ან რაქვიაშვილთან, არამედ ამ შემთხვევაში ჯაფარიძესთან.

„ოცნებიდან“ მე ეს ინფორმაცია მივიღე. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ დროს პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კომუნიკაცია და ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

რა თქმა უნდა სხვა პარტიებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია „ოცნებასთან“. მე არ შევხვედრილვარ, მაგრამ „ქართული ოცნების“ წინადადება მოდიოდა ჩემთან ბადრი ჯაფარიძის გავლით.

არის პარტიები, რომლებსაც უნდა შეთანხმება და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება. ამ შეხვედრების შედეგად მივხვდი, რომ შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, მაგრამ შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“. არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიკურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის, მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდით ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“, - აცხადებს ხვიჩია.

ინფორმაციისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის ფასილიტატორების დახმარებით შეხვედრის მეოთე რაუნდი თვენახევრის წინ გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ სერიოზულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.

ამ დრომდე გაურკვეველია როდის გაიმართება მხარეებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.