მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

„დღეს საქართველოთი დავიწყებთ. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ ფრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული პრონციპების ერთგულება უნდა დაადასტუროს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფით“,- აღნიშნა ნედ ფრაისმა.

მან საქართველოში მხარეებს ისეთი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რომელიც შესაძლოა ესკალაციისა და ძალადობისკენ იყოს მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იენ კელი: ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას

მეთიუ ბრაიზა: ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს“- ანდრიუს კუბილიუსი