მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: სანამ ხელახალ არჩევნებზე არ შევთანხმდებით, ბოიკოტი გაგრძელდება

ლელოს წარმომადგენელი

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება მანამ სანამ ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება მიღწეული არ იქნება. 

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ყველა თვალსაზრისით მძიმე წელი იყო.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანამ უნდა მიიღოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

„ყველა თვალსაზრისით რთული წელი იყო, ომის წელს მაგონებს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა იყო დაკეტილი, დრაკონული „ლოკდაუნები“ იყო. წელი ამით დაიწყო. ასევე ძალიან ცუდი არჩევნები იყო, აქაც მივიღეთ ისეთი შედეგები, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

ბოიკოტი, რომელიც გამოვაცხადეთ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩემი აზრით ეს არის ჩვენი ადეკვატური პასუხი იმ საშინლად ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც გვქონდა 31 ოქტომბერს. ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ვერ შევთანხმდებით „ქართულ ოცნებასთან“ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში.

2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უგულავა: ბოიკოტი შედგა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ

✔️ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა - ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს