მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბედნიერი და ამაყი ვარ, შედეგი სახეზეა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის 2021

„თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით სწორედ 1 თვისა და 20 დღის შემდეგ მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.

„ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ მიშელის პირადი ჩართულობით. მისი დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის. პრეზიდენტ მიშელ თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას.

თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით სწორედ 1 თვისა და 20 დღის შემდეგ მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ.

მინდა მთავრობისა და ჩვენი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო დიდი მადლობა თქვენს წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, რომელიც თქვენი უშუალო დავალებით იყო საქართველოში. მან დიდი სამუშაო გასწია და იმუშავა როგორც ჩვენთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს შეთანხმება შედგა. დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას.

საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება, ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზაობა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2014 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, ასევე შევეხეთ საგარეო საკითხებსაც, კერძოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ამავე თემაზე:

✔️ „შეთანხმება ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოება გადაღლილი იყო პოლარიზაციითა და დაპირისპირებით“ - პრეზიდენტი

✔️ შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, პოლიტიკური ჩართულობა კი მდგრადი გახდა