მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი - Pia.ge

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადა, კიდევ ერთხელ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობა. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შედეგი იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატრუა.

„არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.

შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართელობასაც აფასებს.

„რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მან პოლიტიკაში შემოსვლის მიზანზე და ამოცანებზე ისაუბრა.

„2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.
შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

💢„არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას“- ივანიშვილი