მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე - Pia.ge

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ბიძინა  ივანიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სადაც მმართველი პარტიის ლიდერი წერს, რომ ის პოლიტიკას სამუდამოდ ტოვებს.

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი

ცნობისთვის 2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა. ხოლო 2018 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ.