მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბონდო მძინარაშვილი: ვიღაცას სააკაშვილის ბოდვებისა და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა, რადგან სექტანტია

ჟურნალისტი

„საზღვარგარეთ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანის ინიციატივაც ისეთივე სიმართლეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ბაბუამისი სამედიცინო უნივერსიტეტის (ინსტიტუტის) დამფუძნებელი და პირველი რექტორი იყო!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი ფაქტებით ასაბუთებს, რატომ ვერ იქნებოდა სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი სააკაშვილის ბაბუა.

„სააკაშვილმა თქვა, - სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი ბაბუაჩემი იყოო.

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით, თარიღებით:

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1908 წელს.

1927 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1930 წლის 10 ივნისს, მალაქია ტოროშელიძის რექტორობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა სამედიცინო ინსტიტუტი.

1933 წელს კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი დატოვეს სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე.

1943 წელს მიხეილ სააკაშვილმა დააარსა მედიცინის ისტორიის კათედრა და მისი გამგე გახდა.

1950 წელს მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად.

1973 წელს მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა.

1992 წელს სამედიცინო ინსტიტუტმა ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

ეს არის მშრალი ფაქტები და თარიღები“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

შემდეგ ბონდო მძინარაშვილი კითხვებსაც სვამს:

„ახლა კითხვები:

- როგორ იყო მესამეკურსელი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი?

- როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, როცა უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, 1992 წელს შეიქმნა?

- მესმის, რომ სამედიცინო ინსტიტუტს გულისხმობდა, მაგრამ, როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის პირველი (დი)რექტორი, როცა ინსტიტუტი 1930 წელს შეიქმნა, მიხეილ სააკაშვილი კი მის დირექტორად 20 წლის შემდეგ, 1950 წელს დაინიშნა? 20 წლის განმავლობაში ინსტიტუტს დირექტორი არ ჰყავდა?“ - კითხულობს მძინარაშვილი.

დაბოლოს, საინტერესოა, რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი ამ ისტორიით.

„რატომ დავინტერესდი ამ ისტორიით?

იმიტომ, რომ საზღვარგარეთ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანის ინიციატივაც ისეთივე სიმართლეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ბაბუამისი სამედიცინო უნივერსიტეტის (ინსტიტუტის) დამფუძნებელი და პირველი რექტორი იყო!

ვიღაცას კი სააკაშვილის ბოდვებისა და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა!

სჯერა, რადგან სექტანტია, სექტანტის კრიტიკული აზროვნება კი სწრაფი ტესტის გარეშეც ადვილი დასადგენია - ნულის ტოლია!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.