მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიაბერაშვილი: ფასები იზრდება, ლარი ხელიდან გვეცლება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს მოქალაქეებისათვის ფასების ზრდა პრობლემა იყო, პანდემიის შემდეგ კი, ეს პრობლემა უფრო გამწვავდა.

„ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ფასების ზრდა ყოველდღე. ადამიანები შედიან მაღაზიაში, აფთიაქში და ხედავენ ყოველდღიურად გაზრდილ ფასებს“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ.

დეპუტატის თქმით, უფასურდება ლარი, რაც ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ლარის გაუფასურება კი, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ფასებზე.

„ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე კარგად ასახავს ლარის კურსი, რომელიც დღითიდღე გვეცლება ხელიდან. ლარის კურსს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ფასებზე. ეს არის იმხელა ტვირთი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ვერ ეწევიან.

რეგიონებში უმუშევრობის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი თემაა გაზრდილი ფასები, რომლებიც მოქალაქეებს აშინებთ.

ამასთან, მათთვის სრულიად გაუგებარია, როგორ ხდება ის, რომ რაც მათ სჭირდებათ იმაზე ფასები განუხრელად იზრდება, მაგრამ რაც მათ მოჰყავთ, იმაზე ფასი არასოდეს არ იზრდება. კახეთში ახლა ზუსტად რთველია და მათ ყურძნის ფასი აწუხებთ“,- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.