მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი“ - დმიტრო კულება

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.

დმიტრო კულებას თქმით, მინისტრებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ორი ქვეყნის ინტერესების და ეკონომიკის უკეთესად დაცვა ევროკავშირთან დიალოგის გზით.

„ჩვენ ვართ ორი მეგობარი სახელმწიფო. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. მივესალმე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს საქართველოს ელჩი კიევში.

განვიხილეთ სამომავლო გეგმა ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ, ვინაიდან ორივე ქვეყანას აქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“-განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

კულებას განმარტებით, საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და უკრაინას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს თბილისს და ანალოგიურად თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი.

„როდესაც საუბარია უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები რუსეთისგან.

როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩვენ გვესმის, რომ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაზე.

მივაწოდე ჩემს კოლეგას ინფორმაცია უკრაინაში და ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებულ ვითარებაზე“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ორი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.

დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

„მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს და აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ სრულ კოორდინაციაში.

ერთმანეთის სოლიდარულები ვართ ოკუპაციასთან და იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს როგორც უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აუცილებელია და შევთანხმდით ასევე, რომ ჩვენი ეს ერთიანი პოზიცია იყოს კიდევ უფრო გაძლიერებული და უფრო მკაფიოდ წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში.

ორმხრივი მიმართულებით, არის ასევე მზაობა, რომ განვავითაროთ ინტენსიური თანამშრომლობა, ვიზიტები იქნება ეს თუ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის აქტივობები.“, – განაცხადა ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.