მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენმა ჯარმა მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იხილა“ - ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

„დღეს აქ ვნახეთ გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც არიან განადგურებულები. ეს არის იმ უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს მთავრობას“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის მინისტრი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეებს უწოდებს.

„კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს. მაშინ, როდესაც ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ, თავი გაწირეს ქვეყნისთვის, ვნახეთ, როგორ გამორბოდნენ სამარცხვინო პოლიტიკოსები. მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა ჩვენმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ.

ასეთი მოღალატე ადამიანები ბედავენ და კრიტიკულს ამბობენ ჩვენს მთავრობაზე, რომელმაც განაპირობა გრძელვადიანი და მშვიდობიანი სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.