მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას“ - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ მივიღებ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის თქმით, რადგან მისი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, პირადად აიღო პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს.

ამასთან, მისივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.

„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწყვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს.

არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან ანუ შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.

მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ.

პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვამდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის.

გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც „დესტრუქციულ“ ძალას.

რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ.

იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ?

ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო“ - სალომე სამადაშვილი (ფოტო)

👉 „გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი“ - ლევან ნიკოლეიშვილი

👉 „ჩვენთვის ნიკა მელიას 40 ათას ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე“ - ქადაგიშვილი