მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიწრო პარტიული გზა აირჩია

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთიანი სიის შემოთავაზებაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლარიზაციას, რომელიც დღეს ისედაც დიდი პრობლემაა.

დავით ბაქრაძის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რატომ არ დასთანხმდა ენმ საერთო კანდიდატებს და რატომ აირჩია ვიწრო პარტიული გზა.

„ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე უარყოფითი შეფასება მოყვა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში და ნიშნავს დაფრთხობას ყველა იმ ამომრჩევლის, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი და ვინც ეძებს ქვეყანაში მრავალფეროვან არჩევანს. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ბაქრაძის თქმით, ეს არის პირდაპირ ტყუილი.

„არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებები მოტანა.

ჩვენ ჩვენივე გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ მთლიანად ხალხზე. ამიტომ, გამორიცხულია და არ და ვერ გვექნებოდა ასეთი ტიპის რაიმე მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

მთლიანობაში, მთელი ეს საკითხი და ამ თემის წამოჭრა ემსახურება იმ ამოცანას, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემა, რატომ არ დათანხმდა ენმ ერთიან მაჟორიტარების კანდიდატებს, იმიტომ, რომ ერთიანი კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა პირველივე ტურში დაგვემარცხებინა ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია ვიწრო პარტიული გზა, ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და მეტიც, თბილისში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა ისანში. ამიტომ, მთავარი პრობლემა დღეს გახლავთ სწორედ ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებსა და სკამებზე“, - დასძინა დავით ბაქრაძემ.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ კოალიციის შექმნასა და არჩევნებში ერთად მონაწილეობას სთავაზობდა, თუმცა პოლიტიკური შეთანხმება ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა ჩაშალა.

სააკაშვილის მაგივრად, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია და დავით კირკიტაძე ისხდნენ.