მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ სილა გააწნა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

„დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან, უფლებებზე, რომელიც მათი მმართველობის დროს მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, რეალობა კი სხვა იყო, ადამიანის უფლებები ყოველდღე ილახებოდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლო „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულის ჩადენაში ამხელს.

„2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას დაზარალებულების სასარგებლოდ 80 400 ევროს გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება არის არა სახელმწიფოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ მორიგი სილა გააწნა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან, უფლებებზე, რომელიც მათი მმართველობის დროს მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, რეალობა კი სხვა იყო, ადამიანის უფლებები ყოველდღე ილახებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლო „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულის ჩადენაში ამხელს (გავიხსენოთ სულხან მოლაშვილის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს განცხადება: მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ პატიმრობას, უსამართლო სასამართლოს.

გირგვლიანის საქმე, რომლის გამოძიებასაც აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა და ა.შ.)“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

ე.წ. ციხის ბუნტზე საუბრისას ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური ხასიათი ჰქონდა ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას.

„რაც შეეხება ე.წ. ციხის ბუნტს, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მოხდა უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, ათობით ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, რაც მნიშვნელოვანია, პატიმრების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ლეტალურობის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური ხასიათი ჰქონდა ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას, არაპრპორციული ძალის გამოყენებას და ა.შ. მათი („ნაციონალური მოძრაობის“) ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!“- ამბობს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.