მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილებლობა, ევროკავშირის მხრიდან არის შემოთავაზებული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე ნიკანორ მელია დათანხმდება ევროკავშირის გირაოს და ამ ფორმით გამოვა ციხიდან, ამნისტიის კანონზე გაგრძელდება თუ არა მუშაობა, აღნიშნულ საკითხზე მათიკაშვილმა განმარტება გააკეთა. რაც შეეხება გირაოს ნაწილს, დავით მათიკაშვილის თქმით, ეს არის აღკვეთის ღონისძიების სახე და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებით არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული, პროკურატურის მხრიდან სრული შესაძლებლობა იყო იმის თაობაზე, რომ მელიას გირაო გადაეხადა და საპატიმროდან გამოსულიყო.

„რეალურად გვაქვს შემდეგი მოცემულობა. რაც შეეხება გირაოს ნაწილს, ეს არის აღკვეთის ღონისძიების სახე და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებით არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული, შეთანხმებამდეც, რომელსაც ხელი მოეწერა, პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან ანუ აღმკვეთ ღონისძიებას ეხება ეს მხოლოდ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ამნისტიის აქტის აუცილებლობა, ევროკავშირის მხრიდან არის შემოთავაზებული.

„რაც შეეხება ამნისტიის აქტს, ეს ამნისტიის აქტი უკვე ეხება სისხლის სამართლის საქმეს მთლიანად და ამნისტირებული მუხლებიდან გამომდინარე, ის პირები იქნებიან, რომლებსაც როგორც ეს შეთანხმებაში წერია, გარკვეული დანაშაული ან გადაცდომა აქვთ ჩადენილი 19-20 ივნისს. ანუ მოცემულობა გვაქვს შემდეგი - ამნისტიის აქტის აუცილებლობა, ხელმოწერის აუცილებლობა და გამოცემის აუცილებლობა არის ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული და დანახული ჩვენს რეალობაში. იმისთვის, რომ 19-20 ივნისის მოვლენები გადავფურცლოთ, მოხდეს დეესკალაციის და რადიკალიზმის შემცირება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში სწორედ ეს იქნა მოცემული და მოეწერა ხელი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ არამედ სხვადასხვა პარტიების მიერ. შესაბამისად, ეს ამნისტიის აქტი გულისხმობს ახალი ფურცლის გადაშლას, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე ყველა პირის, აქ არ არის მხოლოდ ნიკანორ მელიაზე საუბარი ან სხვა პირებზე, ყველა ვინც რაიმე სახით არის 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის ან გადაცდომის კუთხით, ყველასთან მიმართებით უნდა მოხდეს ამნისტირება და ახალი პოლიტიკური ფურცლის გადაშლა. ეს მოცემულობა დაინახა ევროკავშირმა, ამიტომაც გაითვალისწინა ამნისტიის აქტი და ამიტომაც გადაწყვიტეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, სწორედ იმიტომ რომ ამნისტიის აქტი იქნება გამოცემული და შესაბამისი შედეგები დადგება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

20 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდაზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.