მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ზალკალიანი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ქმედითი და აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე, რასაც ახალგორის რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღინიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ინსტრუმენტების გააქტიურება და დეზინფორმაციული თავდასხმები, რომელთა სამიზნეც ამჯერად არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გახდა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რთულ ვითარებას და ემსახურება ქვეყნაში ვითარების დესტაბილიზაციას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით პროგრესის აუცილებლობას. აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის საჭიროება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა. თავის მხრივ, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის.