მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: ქართველი დიპლომატები საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან

დავით ზალკალიანი ბრიფინგზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს მაქსიმალურად ეხმარებიან.

მისი თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, მათ ოპერატიულად ემსახურებიან.

"მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი. ჩვენ არ გვყავს დიდი მოცულობის საელჩოები და ვართ შეზღუდული რესურსით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასულები და მთლიანად ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით უცხოეთში დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის პირველადი საჭიროების პროდუქტებით, ასევე თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში - მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობიდან და იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საელჩოებს გააჩნიათ" - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ დიპლომატებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც მართლაც დაუღალავად შრომობენ 24-საათიან რეჟიმში და კონსულტაციას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამუელებისთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები ეფექტიანად მიმდინარეობს.

"ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან ყოველდღიური კონსულტაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მადლიერება გამოვხატო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ. მათი ექსპერტები ყოველდღიურად, გარკვეული საათების განმავლობაში მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალია, ჩვენს მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ონლაინ რეჟიმში; აძლევენ მათ შესაბამის რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ კრიზისულ სიტუაციაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.​