მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინტესიური მუშაობა გრძელდება

საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების საკითხზე მუშაობა გრძელდება. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები ინიშნება.

"სპეცრეისებთან დაკავშირებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. გუშინ, 7 აპრილს განხორციელდა რეისი ათენიდან, საიდანაც დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება სამშობლოში. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისები. 16 აპრილს - პარიზიდან, 18 აპრილს - თელ-ავივიდან, 21 აპრილს - რომიდან, 24 აპრილს - ბარსელონიდან, 27 აპრილს - ვარშავიდან. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებით რეისებზე და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად გაცხადებული საყვედურებისა, რომ თითქოს, ბილეთები არ არის ხელმისაწვდომი, 7 აპრილს, 10 მოქალაქე, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთი, არ გამოცხადდა ათენი-თბილისის რეისზე და ამის გამო, საჭირო გახდა მათი სწრაფ რეჟიმში ჩანაცვლება.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მუდმივად იყვნენ კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან" - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ხორციელდება არა მხოლოდ საჰარეო, არამედ სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებითაც.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს არსებული რესურსის ფარგლებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროცედურებითა და კრიტერიუმებით.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა მომზადებული შეხვდეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლებელია ინფიცირებული იყოს, საჭიროებდეს მკურნალობას და სტაციონარში გადაყვანას. იმის გამო, რომ მგზავრებს არ შეექმნათ პრობლემა, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებრი განთავსების პრინციპი. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გვაქვს. ასევე, შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, კარანტინში არსებულ სივრცეში ოთახების რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულ თავსებადობაში. ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რომ რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეტაპობრივად და ამ ყველა კრიტერიუმის და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს",- აღნიშნა ზალკალიანმა.

აქვე, მინისტრის თქმით, მავნებლობაა, როდესაც მედიის და სოციალური ქსელების საშუალებით, ავიაბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სპეკულირებენ.

"ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში, ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი მონაცემები და ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან; დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს, რომელიც აღნიშნული სპეც-რეისებით უკვე დაბრუნდა საქართველოში და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, პირადად, მზად ვარ პასუხი ვაგო ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრეა გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ადრე ჰქონდა გამოცხადებული. ამიტომ, ამის შესახებ, ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, რომ უამრავი ადამიანია, ვისაც ადრე, გაცილებით განსხვავებულ, კომერციულ ფასში ჰქონდა ბილეთები შეძენილი. რასაკვირველია, კომპანიის ვალდებულებაა, რომ ეს მგზავრები დააბრუნოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალ გაყიდვაში იძენენ ამ ბილეთებს. ძალიან მკაცრად არის გაკონტროლებული როგორც კომპანიის, ისე საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი", - განაცხადა ზალკალიანმა.