მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა „საქართველოს კიბერუსაფრთოების ფორუმი 2020“ მონაწილეობაა მიიღო

დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ბრიფინგზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ზალკალიანის თქმით, კიბერუსაფრთხოება არის გლობალური გამოწვევა, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიბერუსაფრთხოების საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გამოწვეულია მსოფლიოში ვირტუალურ კომუნიკაციებზე დამოკიდებულების გაზრდით.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებას,მათ შორის საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რთულ პერიოდშიც კი, განაგრძობს აგრესიულ, ოპორტუნისტულ ქცევას, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გააძლიეროს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ომი, რაც მის ხელთ არსებული ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედების წარმოების ინსტრუმენტის ნაწილია. არ არის გასაკვირი, რომ დღესდღეობით, რუსეთის სამიზნე, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ინსტრუმენტი - რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრია“, აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში მზარდ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის გათვალისწინებით.

მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერთავდასხმაზე წარმატებული მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითს შესაბამისი გამოძიების ჩატარებისა და საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა 2007-2008 წლებში, ესტონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები,ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივ მობილიზაციას შეუძლია.

„ძალიან ვაფასებთ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი პარტნიორებისაგან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ესტონეთისგან მომდინარე ორმხრივ მხარდაჭერასა და დახმარებას; ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, იქნება ეს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი, თუ ნატო-ს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრი, მიმდინარე შესანიშნავ თანამშრომლობას. მხარდაჭერისა და კარგი თანამშრომლობის მაგალითები მრავლადაა, რომლის კიდევ უფრო განვითარების სურვილი გვაქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელია შესაბამის უწყებებს შორის უკეთესი კოორდინაცია და ინფორმაციის ეფექტიანი ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა.

„თუმცა, ამგვარი ძალისხმევები ყოველთვის ფუჭად დარჩება, მანამდე სანამ საერთაშორისო პარტნიორობას არ გავაძლიერებთ და არ მოხდება საერთაშორისო დონეზე ჩვენი ძალისხმევების უკეთ გაერთიანება. საქართველო, თავის მხრივ, მოწოდებულია კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მოხდეს პოტენციური რისკების მინიმიზაცია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს რუსეთის ფედერაციის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მავნებლურ საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

ამ თვალსაზრისით, დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, მავნე კიბერ – საქმიანობაში ჩართულო პირების მიმართ შეზღუდვითი ზომების დაწესების შესახებ,რომელსაც საქართველოც შეურთდა.

დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისს აღნიშნული ფორუმის ორგანიზებისთვის.

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად გაიმართა.