მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთოთ

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ბევრი ექიმია, შესაბამისად არის ინიციატივა, რომ ისინი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთონ.

"ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მართველი გუნდის ერთიანი მოქმედებით.

 "ევროპა, პრაქტიკულად, ეპიდემიურად დაბინძურებულია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ამ მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი, უფრო ძლიერი წარსულის მქონე და უფრო ჩამოყალიბებული ინსტიტუციები აქვთ. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ვირუსთან გამკლავება მათ გაუჭირდათ და ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა და ვირუსის, ასე ვთქვათ, ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მართველი გუნდის კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედებით", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო და სამთავრობო წარმომადგენლობა სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 26 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID -19-ით ინფიცირებული 103 პაციენტი მკურნალობს.