მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ედიშერ გვენეტაძე: კომკავშირელი ვაჟკაცები „კრუპნი“ ბიზნესმენ-მევახშეებად იქცნენ და, ბანკების მეშვეობით, მოქალაქეები ბედის ანაბარა დატოვეს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

„მევახშეებად გარდაქმნილი კომსომოლები“, - ამ სათაურით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც 9 აპრილს, მაშინდელ მედროვეებსა და მომავალში ფერიცვალებაგანცდილ „მგზნებარე კომკავშირლებს“ ეძღვნება.

როგორც პროფესორი წერს, გუშინდელ „მავნე წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან“ მებრძოლი კომკავშირელი ვაჟკაცები, სხვადასხვა მაქინაციებით მყისვე იქცნენ „კრუპნი“ ბიზნესმენ-მევახშეებად, რომლებმაც ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, ბანკების მეშვეობით, ბედის ანაბარა დატოვეს.

ედიშერ გვენეტაძის პოსტს pia.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მევახშეებად გარდაქმნილი კომსომოლები

იყო დრო, როდესაც ახალგაზრდობის ე.წ. მგზნებარე კომსომოლური ნაწილი საფუძვლიანად ემზადებოდნენ საკუთარი ხალხის საფუძვლიანი ძარცვისთვის.

ამ დროს აზვირთდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც კარიერისთვის „განწირულ“ ამ ახალგაზრდებს თანამდებობების დაკარგვით დაემუქრა.

მათაც არ დააყოვნეს და დაიწყეს თავდადებული ბრძოლა „კომუნისტური თანამდებობრივი სიკეთეების“ შენარჩუნებისათვის.

ყველას კარგად ახსოვს 1989 წლის 18 თებერვალი, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსის წინ ბოლშევიკ-კომკავშირლთა ფიზიკურ-სულიერმა შთამომავლებმა ხელი აღმართეს  საქართველოს ეროვნული მოძრაობის სინდისსა და ნამუსზე მერაბ კოსტავაზე...

მერე? მერე იყო 9 აპრილი და...

„მგზნებარე კომკავშირლებმა“ უმალ იგრძნეს ახალი ცხოვრების სუნი და მაშინვე განიცადეს ფერისცვალება!

გუშინდელ „მავნე წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან“ მებრძოლი კომკავშირელი ვაჟკაცები, სანამ მართვის სადავეები და ფინანსები ჯერ კიდევ ხელში ჰქონდათ, სხვადასხვა მაქინაციებით მყისვე იქცნენ „კრუპნი“ ბიზნესმენ-მევახშეებად, რომლებმაც ახლა უკვე ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, ბანკების მეშვეობით, ცის ქვეშ ბედის ანაბარა დატოვეს.

ამ ყოფილ კომკავშირელ „მოღვაწე თანავარსკვლავედში“ გამორჩეული ადგილი უკავია ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის „ლელოს“ მესვეურებს - ბატონებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ეს უკანასკნელი ქართველთა ეროვნული სიამაყის დღეს, 9 აპრილს ნაცევრონაცების „მთავართან“ ისე გაკადნიერდა, რომ ხელისუფლებას ბრალი დასდო, როგორ გაბედეთ და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია ამდენ ხანს გააგრძელეთო. თითქოსდა ხელს უშლიდა ვინმე, თავად ამ ვაჟბატონს დაეფინანსებინა ამ ეროვნული სიწმინდის ადგილის განახლება-გამშვენიერება.

ისე, ორივე ამ ბატონს შევახსენებდი ქართულ სიბრძნეს, როდესაც ერთი ძუნწი მეორე ძუნწთან მივიდა საღამოს სასაუბროდ. ჰოდა, მასპინძელმა ლამპა ჩააქრო, რომ ლაპარაკისას ნავთი არ დახარჯვოდა. საუბრის დასასრულს, როცა სინათლე აანთეს, აღმოჩნდა, რომ სტუმარს ტანსაცმელი ჰქონდა გახდილი, რათა არ გასცვეთოდა.

ანუ მილიარდერმა ხაზარაძემ (ლარებში ასე ამბობენ) მისთვის, სულ რაღაც, 100 ათასი ძლივს გაიმეტა გაჭირვებაში მყოფი ქვეყნისთვის (თუმცა ნათქვამია, ყვავს, რომ კაკალი გააგდებინოო...), ხოლო მისმა უახლოესმა ნათესავ-თანამეინახემ 10 ლარიც ვერ გაიმეტა მუთაქიდან და მხოლოდ მთავრობის უსაგნო კრიტიკით შემოიფარგლა. მაშინ როდესაც უამრავმა უპოვარმა მოქალაქემ უკანასკნელი გროშიც კი შესწირა საქვეყნო საქმეს.

თუმცა რა გასაკვირია...

„ღარიბი კაცის პურმარილი გზაზე ხიდად გაიდებისო“ -უთქვამს ისევ ქართველ კაცს.

პ.ს. უკანასკნელი მასალებით ირკვევა ის, რომ ის ბურთი, რომელიც თავისი ჭკუით „ლელომ“ უნდა დადოს არჩევნებში (მეტი არაა ჩემი მტერი?!) გ ა პ რ ო ც ე ნ ტ ე ბ უ ლ ი ჰქონიათ“, - წერს ედიშერ გვევეტაძე.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.