მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: ჩვენს მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებენ, პარლამენტში შევალთ

პარტია

„აქ ხელის გადაწევაზე და ჭიდაობაზე არ არის ლაპარაკი, თუ ჩვენ მიტანილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ შევალთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
 

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკითხს დიდი პასუხისმგებლობით უყურებს.

„დღეს 7 პარტიის წარმომადგენლები მივედით. ბოლო 3 დღეა ძალიან ცხარე მსჯელობა და კამათი იყო ოპოზიციის წიაღში „ლელოს“ ოფისში. შეჯერებული ვერსია წარვადგინეთ ელჩებთან. შევთანხმდით „ქართულ ოცნებასთან“ ელჩების მეშვეობით კომუნიკაციის სტრუქტურაზე.

რა თქმა უნდა განიხილება შესვლა-არშესვლის საკითხი. ერთადერთი კომპრომისი, რაზეც შეგვიძლია წავიდეთ ეს არის, ის რომ ჩვენს მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებენ შევალთ პარლამენტში. სხვა რა კომპრომისი იყოს. ხელის გადაწევაზე იქ არ არის ლაპარაკი და ჭიდაობაზე. არჩევნების შედეგი ვიცით და მის შედეგს არ ვაღიარებთ, ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული. მოლაპარაკების საგანიც ის არის, რომ კრიზისი განიმუხტოს“, - აცხადებს ელისაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს, 4 დეკემბერს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციური სპექტრის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩებს მკაფიოდ გაწერილი წინადადებები გადასცეს. თუ რა პუნქტებზეა საუბარი, დაკონკრეტებისგან ოპოზიციონერებმა თავი შეიკავეს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.