მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ის იყო და არის მთავარი ფიგურა - ექსპერტი გიორგი გახარიაზე

ძაბირაძე-გახარია

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან პარლამენტის 6 დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომელთაც უმრავლესობა დატოვეს და განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთვებიან.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი გახარიას თანამოაზრეები გადავიდოდნენ მის გუნდში.

„მათ განცხადება გააკეთეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნეს, რომ იწყებენ პარტიის მშენებლობას გახარიასთან ერთად. ისინი მოიაზრებენ საკუთარ თავს გახარიას გუნდში და ახალ პარტიაში.

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. გახარიამ როდესაც განაცხადა, რომ რჩებოდა პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ მას ჰყავდა გუნდი პარლამენტში, და როგორც ჩანს 6 კაციანი გუნდი მაინც ჰყოლია, მე არც მაგდენს ველოდი, ეს ხალხი, რა თქმა უნდა, გადავა გახარიასთან.

მომავალში უნდა ველოდით, რომ დეპუტატების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ არა იმდენად, რომ უმრავლესობას შეექმნას საფრთხე, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში.

ეს „ქართული ოცნების“ იმიჯზე იმაზე მეტად არ იმოქმედებს, რამდენადაც უკვე იმოქმედა გიორგი გახარიას წასვლამ. ის იყო და არის მთავარი ფიგურა. ახლა 6 კაცი გადავა თუ 8, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მმართველი გუნდისთვის. მთავარია რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას შეინარჩუნებს“- აღნიშნა ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მომავალში შესაძლებელია კვლავ მოხდეს პოლიტიკურ პარტიებში გადაჯგუფებები და ეს მოსალოდნელია 15 მაისის შემდეგ.

„არ გამოვრიცხავ, რომ თუ პოლიტიკური პროცესები მკვეთრად უარყოფითად განვითარდა, ქვეყანაში კრიზისიც გაძლიერდა, სხვადასხვა ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, სოციალური, რაც ხდება თუნდაც რიონის ხეობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ სრულიად ამოვარდნილია პოლიტიკური კონტექსტიდან და სწორედ ის არის, რაზეც ხალხი და ქვეყანა უნდა ფიქრობდეს.

ასე რომ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს ის, რომ გადაჯგუფებები მოხდეს „ქართული ოცნების“ პარლამენტს შიგნით, ოღონდ ამ ეტაპზე ამას არ ველოდებით. თუ გადაჯგუფებები იქნება, მოხდება მხოლოდ 15 მაისის შემდეგ იმასთან მიმართებაში, თუ როგორი იქნება ოპოზიციის თავყრილობა“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა.

გადაწყვეტილების შესახებ გახარიას თანაგუნდელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

გახარია ორთქლმავალია - პოლიტოლოგი

✅„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა

✅გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

✅„ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს“ - ბექა ლილუაშვილი