მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!“ - ალეკო ელისაშვილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმეზე

პარტია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

როგორც იგი აღნიშნავს, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გამოშვება მმართველ გუნდთან ოპოზიციის მოლაპარაკების შედეგია.

„ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ, გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“, - წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

„განაჩენს გარეთ დაელოდებიან“ - პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე

პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს