მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს პოლიტიკოსი ყოველთვის გამოირჩეოდა შებრუნებული რიტორიკით - თამარ ტალიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„მათ სამოქალაქო ომი გამოუცხადეს საზოგადოებას“ - ასე განუცხადებია გუშინ სააკაშვილს.ეს პოლიტიკოსი ყოველთვის გამოირჩეოდა შებრუნებული რიტორიკით - სხვას იმას აბრალებდა რასაც აშავებდა ან უნდა დაეშავებინა. როგორი სიმბოლურია, ისტორიაში უმძიმესი თარიღის 100 წლის თავზე ჩვენს სამშობლოში „სამოქალაქო ომი“ რომ ესიზმრება სააკაშვილს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი აცხადებს.

ტალიაშვილის თქმით, მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება:

„ყოველ წელს, მას მერე რაც ოპოზიციაშია, აჯანყებას ან რევოლუციას გვიანონსებს და დესტაბილიზაციის მცდელობას არ აკლებს. ტერმინი „დაუმორჩილებლობა“ მიშამ აქტუალური გაიხადა მსოფლიო COVID კრიზისის ფონზე. შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები მართლაც ხშირია მსოფლიო დედაქალაქებში, მაგრამ ის აქციები საზოგადოების, პროფესიული და სოციალური ჯგუფებისა გახლავთ და სააკაშვილის მიტინგებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით ნაკარნახევი არ არის.

1918-1921 წლებში ბოლშევიკური დაჯგუფებები ქვეყნის დასუსტებას სწორედ სამოქალაქო ომის გაღვივებით ცდილობდნენ, როგორც მატიანე გვამცნობს: „მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება“. საბოლოოდ, ეს პროცესი 1921 წლის 25 თებერვალს მაინც ტრაგიკულად - საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა.

მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება, არა იმიტომ რომ ეს რუსეთს 100 წლის შემდეგაც არ სურს, არამედ იმიტომ რომ 100 წლის შემდეგ, მიუხედავად COVID კრიზისისა, საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია! ტყუილად არ უომიათ ჩვენს გმირებს! #ოკუპაციადროებითია“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.