მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან 45 წლისთავი აღინიშნა

ეუთოს განცხადება

მიმდინარე წლის 30 ივლისს ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან 45 წლისთავი აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის უსაფრთხოებისა და სატბილურობისათვის ჰელსინკის დასკვნითი აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ხელმოწერიდან 45 წლის შემდეგ, აქტის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა: სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, ძალის არ გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარისგან თავშეკავება, ქვეყნის საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანად მოგვარება, შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაურევლობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა - ხშირად და უხეშად ირღვევა. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ისაუბრა ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და მათი საერთაშორისო სამართლის პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით მოგვარების აუცილებლობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომიდან 6 წლის შემდეგ, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ეუთო-ს წევრი კიდევ ერთი სახელმწიფო - უკრაინა გახდა.

„ეუთო-ს პრინციპებისა და ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ყველას უსაფრთხოებას - აღნიშნა ელჩმა.

ქართული მხარის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების კრიზისის დასაძლევად, საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა და ეუთო-ს პრინციპებისა და ნაკისრი ვალდებულებების განუხრელად შესრულება.