მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმო

ეუთოს განცხადება

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა დაგმეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა (აშშ), თავმჯდომარის მოადგილემ კოსტელ ნეკულაი დუნავამ (რუმინეთის პარლამენტის წევრი) და მომხსენებელმა ლაურინას კასციუნასმა (ლიეტუვას პარლამენტის წევრი) ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმის შესახებ, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავაც საფრთხეშია, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

„აუცილებელია, დასრულდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია და მშვიდობიანად აღდგეს პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა 2019 წლის ლუქსემბურგის დეკლარაციის რეზოლუცია-„უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“ გაიხსენეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ რუსეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის საშუალებას კვლავ არ აძლევს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც კრიტიკულ საშუალებას ინფორმაციის გაცვლისა და იმ ინციდენტებზე რეაგირებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად განახლდება იმისთვის, რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები რეალური შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერების განცხადებაში.

ცნობისთვის, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.