მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროატლანტიკური ოჯახის პრინციპით, პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი: პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაგალითად იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ, არ რჩება პოლიტიკაში,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობის დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს,“ - აღნიშნა მან.

კობახიძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან პოლარიზაციის შემცირებისკენ მიმავალი გზის ხელისუფლებისეულ ხედვაში.

„საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა, სწორედ, რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.

პოლარიზაციას განაპირობებს არ ე.წ პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია.

ამ პერიოდში რადიკალიზმისა და პოლარიცაზაციის გაღრმავებით გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში : მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროატლანტიკური ოჯახის პრინციპით, პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში.

„ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი: პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაგალითად იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ, არ რჩება პოლიტიკაში.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა, პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც იქცა.

დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა,“ - განმარტა მან.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოება და პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლების ქმედებები არათუ ხელს შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას საქართველოშო.

„ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.

სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

✔️ ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)