მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები“ - არჩილ თალაკვაძე

ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე

ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას.

„ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება. აგრეთვე, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მხრივ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის, ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების გზით განაგრძობს ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოებას.

ანგარიში მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

„ევროპარლამენტი მიესალმება კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივ, კოორდინირებულ ეფექტიან პასუხს.

ევროკავშირი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად.

მადლობას ვუხდი ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს სვენ მიქსერს და ევროპარლამენტარებს ანგარიშის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა თალაკვაძემ.