მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველოს“ წევრი საკონსციტუციო ცვლილებებს მიესალმება

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას მიესალმება, თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.

„კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცა, თუმცა 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი, თან ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის ნაწილში, ვსაუბრობ პოლიტიკურ პატიმრებზე“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება 2020 წლის 8 მარტს მოხდა. ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ისინი მოთხოვდნენ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ ადასტურებს, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, გიორგი რურუა კი, პატიმრობაში რჩება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კენჭისყრაში არ მონაწილეობის მიზეზი გახდა.