მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსება და პატივია იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს სისტემას“ - ნიკა მელია

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი

„წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა უნდა დაუსვას მნიშვნელოვანი კითხვა თავის თავს: დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძეების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და მერაბ კოსტავების მხარეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

იგი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა.

„ერთი საათის წინ რუსეთის დუმის დეპუტატის აგრესიული წარმომადგენლის სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, სანერვიულო არაფერი აქვს და მისთვის პატივია, რომ სისტემის წინააღმდეგ იბრძვის.

„ღირსება და პატივია იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს სისტემასა და რეჟიმს, რომელიც ემსახურება რუსეთს. სანერვიულო არაფერი მაქვს. გადაწყვეტილება მიიღეთ თავად და ამის შემდეგ ჩემი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. თავის დახრას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.