მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: გახარია ორთქლმავალია

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

„ქართული ოცნების“ რეიტინგს ამათი წასვლით არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება“,- ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის 6 დეპუტატის განცხადებას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად, ახალ პარტიას ქმნიან.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი შეფასებით, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიის გამოჩენა გავლენას იმ ამომრჩევლებზე მოახდენს, რომლებსაც არ მოსწონთ არსებული პოლიტიკური პარტიები და ალტერნატიულ ძალას ეძებენ.

ექსპერტის თქმით, ამჯერად მთავარი ისაა, თუ რამდენად მოახერხებს ექსპრემიერის პარტია ამომრჩევლის სწორედ ამ სეგმენტის მოზიდვას.

„ვფიქრობ, აქ კანონზომიერია ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩევლის ელექტორალური თვალსაზრისით დეფიციტური მოთხოვნაა. ელექტორატის დიდ ნაწილს არ მოსწონს არსებული პოლიტიკური ელიტა, არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო. აქ მოულოდნელი არაფერი არ არის, ცალსახად თქვა გიორგი გახარიამ, რომ ის აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას. დაველოდოთ მოვლენებს, რამდენად მოახერხებს გიორგი გახარია ორმხრივი ცეცხლის გადატანას, რომელიც გაიხსნება როგორც ერთი პოლუსიდან, ასევე, მეორე პოლუსიდან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, 6 დეპუტატის წასვლა პარტიის რეიტინგზე არ იმოქმედებს, რადგან ისინი ცნობადი სახეები არ არიან, თუმცა გიორგი გახარიაზე ბევრია დამოკიდებული. მისი პროგნოზით, ახალი პარტია ელექტორატის ნაწილისთვის მისაღები ალტერნატივა იქნება.

„ჯერ ვინც ვიხილე, ესენი საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან. „ქართული ოცნების“ რეიტინგს ამათი წასვლით არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება, მაგრამ სამობილიზაციო ელექტორატის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ვისაც არ მოსწონს არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ და ეძებს ალტერნატივას, მათ აქვთ უკვე ალტერნატიული შეთავაზება. მათზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ამ სეგმენტზე გასვლას. სისუსტე არის ის, რომ ამ ხალხს ცნობადობა აკლია. შეიძლება, გახარია ორთქლმავალია, მაგრამ დანარჩენს ვნახავთ, პროცესი გვაჩვენებს“,- განაცხადა ექსპერტმა.

მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე თემაზე:

📌„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა“ - არჩილ თალაკვაძე

📌გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება