მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით გამართულ სამიტში მონაწილეობდა

გახარია სასტუმრო რედისონში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) სამიტში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს, როგორც მცირე ზომის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გლობალური პანდემიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოწვევაა ყველასთვის - მდიდარი და ღარიბი, დიდი და პატარა ქვეყნისთვის - ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს - ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. ამ პანდემიას დავძლევთ, თუმცა სამყარო მეტად უსაფრთხო უნდა გავხადოთ მომავალი თაობებისთვის. ეს კი ნიშნავს მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეფექტურ მმართველობას და მყარ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორები საქართველოს გვერდით არიან ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში. ვამაყობ, რომ დღეს - ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეაგირება წარმატებულია ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.