მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

„რა თქმა უნდა, პრობლემები და შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენც ვიზიარებთ“,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მმართველი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.

მან განმარტა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა და შეცდომა პოლიტიკური რადიკალიზაციაა, რომელიც საზოგადოებას აბნევს.

„რა თქმა უნდა, პრობლემები და შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენც ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა არის რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას. ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი და ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამ პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. გუნდის წევრებს აქვთ მოლოდინი, რომ მათ ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდებათ.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი გუნდი მზადებას დაიწყებს და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. არსებული პროცესები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“,- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი ექსპრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები“,- განაცხადა მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა.

ინფორმაციისთვის, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა დატოვეს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა