მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფორმა იყო წყალგამყოფი საკითხი გიორგი გახარიასთვის

გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, 7 ივლისი 2020 წ.

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა „TV პირველის“ ეთერში აღნიშნა, პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, დეპუტატებს რამდენიმე კოლეგასთან, მათ შორის, არჩილ თალაკვაძესთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. მისი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო განცხადება განსხვავდებოდა მის მიერ შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციისგან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი, მან შეიტყო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ მადლობა გადაიხადა და მეტი არაფერი. რაც შეეხება მის ნათქვამს სირცხვილთან დაკავშირებით, იქ პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, რადგან არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი განცხადება, სადაც ცალსახად აღვნიშნავდი, რომ არათუ პასუხისმგებლობას გავურბივართ, არამედ პასუხისმგებლობის მომეტებული გრძნობის გამო, ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა მან.

გიორგი გახარიას ახალი პარტიის წევრმა ჟურნალისტის კითხვას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებასთან დაკავშირებითაც უპასუხა. როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, გიორგი გახარია ეთანხმებოდა მელიასთვის მანდატის შეჩერების საკითხს, თუმცა, მიზეზი, რის გამოც ექსპრემიერმა პარტია დატოვა, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ფორმა აღმოჩნდა.

„თითქოს პარლამენტის წევრებმა დაიჭირეს მელია, ეს ასე არ არის. პარლამენტის წევრებმა და მათ შორის მეც, მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, დანარჩენი მართლმსაჯულების სფეროს პრეროგატივაა და იმ საკითხებში შეჭრის უფლება, მათ შორის, თქვენც არ გაქვთ.

მელიასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიასაც მათ შორის, არ ჰქონდა პოზიცია, თითქოს, მისი იმუნიტეტის შეჩერება არ უნდა მომხდარიყო. თითოეულ მოქალაქეს აქვს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და ჩვენ ამ უფლების რეალიზება მოვახდინეთ.

რაც შეეხება მართლმსაჯულების აღსრულების საკითხს და ფორმას, აქ მნიშვნელოვანია ფორმა, საუბარია ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს იყო წყალგამყოფი საკითხი, რომელზეც თვითონ გიორგი გახარიამაც ისაუბრა და მომავალში ექნება საშუალება, კიდევ უფრო ვრცლად ისაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌გია ხუხაშვილი: გახარია ორთქლმავალია

📌„გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა და თავისი მეგობრებიც დაარწმუნა“ - არჩილ თალაკვაძე