მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გივი მიქანაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გივი მიქანაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიმიტრის კარაბალისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საბერძნეთს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. გივი მიქანაძემ, ბერძენ დიპლომატს, საბერძნეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფებს შორის დაწყებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მანვე დიმიტრის კარაბალისს ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, ქართული მხარის მიერ მომზადდა. კერძოდ, საუბარია პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვაზე და 2022 წლისთვის, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებასა და გამართვაზე.

გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივების შესახებ მისი ბერძენი კოლეგა - საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი უკვე ინფორმირებულია და მხარეებს შორის საქმიანი კომუნიკაცია არსებობს.

საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორი ქვეყნის კანონმდებლებს შორის დაწყებულ კომუნიკაციას მიესალმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მოსმენილ ინიციატივებთან დაკავშირებით იგი ათენში, შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას მიაწვდის და მხარს დაუჭერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტს კიდევ უფრო დააახლოებს.